“50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილებში, არ შეიძლება”,- ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ ოპოზიციის აქცია-მსვლელობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანზე მიმდინარეობს.
მისივე თქმით, პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.
“პროპორციულად არის პოლიცია. არაერთხელ განმარტა პოლიციამ, რომ არსებობს კანონი ამ ქვეყანაში და ყველა ვალდებულია, დაემორჩილოს კანონს. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით, როცა ხალხის რაოდენობა არ არის იმდენი და სურთ, გზის შეფერხება მოახდინონ, შესაბამისად მოქმედებს პოლიცია. მოვუწოდეთ არაერთხელ, რის შემდგომაც გადავიყვანეთ გზიდან. 50 ადამიანი რომ გადადის გზაზე და ხელოვნურად კეტავს სხვადასხვა წერტილებში, არ შეიძლება“, – განაცხადა სირაძემ.
ცესკო-ში დღეს 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამაბელი ოქმი და მონაცემები წარადგინეს, რის პარალელურად ცესკო-ს შენობასთან აქცია მიმდინარეობდა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცესკო-დან აქცია-მსვლელობა დაიწყეს.