ფინეთის თავდაცვის მინისტრის ანტი ჰაიაკიანენის აზრით, სატელეკომუნიკაციო კაბელების დაზიანება დივერსიაა. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
ჰაიაკიანენის თქმით, ევროკავშირმა და ნატომ ზომები უნდა მიიღოს, რათა წინ აღუდგნენ ჰიბრიდულ საფრთხეებს და დაიცვას კაბელები. მისი მტკიცებით, ნატომ და ევროკავშირმა „გაცილებით მეტი უნდა გააკეთოს კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად“.
„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს ევროპაში დივერსიების განხორციელებისთვის სურვილი და შესაძლებლობა აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიძიებთ ამ დაზიანებებს იმ კუთხით, რომ ეს არის დივერსია, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქმე გვქონდეს რაღაც ბუნებრივ მოვლენასთან“, – ციტირებს გამოცემა ფინეთის თავდაცვის მინისტრს.
„ეს წყალქვეშა კაბელები, როგორც ჩანს, დასაცავად ძალიან რთულია, რადგან ისინი საერთაშორისო წყლებში, ზღვის ფსკერზეა განლაგებული“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ფინეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვასა და შვედეთს შორის დამაკავშირებელი კაბელიც დაზიანდა. ორივე კაბელი ბალტიის ზღვის ფსკერზე გადის.