საკვირველი ის არის, რომ თავის დროზე თავად ზურა ჯაფარიძემ მოუწოდა ახალგაზრდებს, თავიანთი სხეული გაყიდონ და ამაში ფული გააკეთონ. თავის გარშემო სექტა შექმნა და ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა დღეს დილით აქციის დაშლასთან დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე.
მისი თქმით, ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლის ხელს, რომ აჰყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია.
„რეალურად ხედავს ვითარებას, როდესაც არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლის ადამიანებს, რომ ასეთ მიმართულებას აჰყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია, მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და აშშ-ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს და ერთადერთი, რაზეც ჩამოკიდებული იყო, ამ ძალიან საეჭვო ადამიანების – მიხეილ სონი იქნება, თუ მიხაილ როთი, თუ პავილიონისი, მათი – ქართველთმოძულეთა პირდაპირი მოწოდებაა, რომ ეს ქვეყანა უნდა დაანგრიონ. ეს შერჩათ ხელში, მეტი არაფერი და ის, რომ წერტილმა გამოჟონა ბიულეტენის ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან შეიძლება, დაადგინო ვის მისცა ხმა. ასეთ ვითარებაში, რასაკვირველია, დაკარგავს ადამიანების ჯგუფს, ვინც, სიძულვილის და ოპოზიციური დამოკიდებულების მიუხედავად, ლოგიკურად აზროვნებს და ხვდება, რომ ეს არ შეიძლება, მუდმივად გაგრძელდეს. ეს დანაშაულებრივი და რევოლუციური გეგმა მათ ოჯახებსაც დაარტყამს. ჩვენ პასუხისმგებლობას ყველაზე ვიღებთ, მხარი ჩვენ დაგვიჭირეს თუ არა, მით უმეტეს, ახალგაზრდებზე; ჩვენ შორის განსხვავება ეგაა. ისინი ნებისმიერ ადამიანს ჩაქოლავენ, ვინც მათ აზრს არ იზიარებს. ასეთი ადამიანები საქართველოში ცოტანი არიან“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.