უფლებადაცვითი ორგანიზაცია Amnesty international-ი აკრიტიკებს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას უკრაინისათვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემის შესახებ.
Amnesty International-ის აშშ-ის განყოფილების მაღალჩინოსანმა, ბენ ლინდენმა განაცხადა, რომ შოკისმომგვრელია, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო ასეთი სახიფათო გადაწყვეტილება.
„ეს არის დაუფიქრებელი გადაწყვეტილება იმ პრეზიდენტისთვის, რომელიც ერთხელ დათანხმდა იმას, რომ სახმელეთო ნაღმები უფრო მეტ სამოქალაქო პირს აყენებს ზიანის რისკის ქვეშ. ეს არის შოკისმომგვრელი ნაბიჯი“, – განაცხადა მან.
ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ნაღმების სახეობა, რომლებსაც უკრაინას აწვდიან, არ არის მდგრადი, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის ინერტული ხდება.
160-ზე მეტმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 1997 წლის საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელიც კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებასა და გადაცემას. უკრაინა ხელშეკრულების ხელმომწერი სახელმწიფოა, თუმცა შეერთებული შტატები და რუსეთი არა.