ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს უნგრეთში მიიწვევს.
ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რადიოს ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტის დაკავების ორდერი გასცა.
„სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ერევა მიმდინარე პოლიტიკურ კონფლიქტში სამართლებრივი შენიღბვით, თუმცა პოლიტიკური მიზნებით, ეს არის თავისთავად არასწორი. ეს ახდენს საერთაშორისო სამართლის დისკრედიტაციას და შესაძლოა, ეს იყოს ცეცხლზე დამატებული ნავთი. ამიტომ სხვა არჩევანი არ არის, ამ გადაწყვეტილების არდამორჩილების გარდა. ასე რომ, დღეს მე მოვიწვევ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბატონ ნეთანიაჰუს ვიზიტით უნგრეთში და ამ მოწვევით მე მას ვაძლევ გარანტიას, თუ ის ჩამოვა, უნგრეთში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებას არ ექნება ძალა და ჩვენ არ შევასრულებთ მის შინაარსს“, – განაცხადა ორბანმა.
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, მოჰამედ დეიფის დაკავების ორდერი გასცა. ამასთან, ისრაელი, რომელიც არ არის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, გამუდმებით უარყოფს სასამართლოს უფლებამოსილებას და აცხადებს, რომ პოლიტიკურად არის მიკერძოებული ისრაელის წინააღმდეგ.