თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული მნიშვნელობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მხარეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, რომლებსაც განსაკუთრებული როლი აქვთ არა მხოლოდ ოთხი ქვეყნის, არამედ უფრო ფართო მასშტაბის თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოებისთვის.
„ლევან დავითაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყნებს შორის, მათ შორის, თურქეთთან სახმელეთო ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაა. მისი თქმით, საქართველო მზად არის, მხარი დაუჭიროს ახალ პროექტებს, რომლებიც აკავშირებს კასპიის რეგიონს თურქეთთან და ევროკავშირთან. მინისტრის შეფასებით, ეს თანამშრომლობა აძლიერებს სტრატეგიულ კავშირებს მონაწილე ქვეყნებს შორის.
რეგიონული და საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტებთან ერთად, ორი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს ლევან დავითაშვილმა და თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, არფარსლან ბაირახტარმა. ორმხრივ შეხვედრაზე, რომელსაც ასევე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალური დირექტორი გიორგი გიგინეიშვილი ესწრებოდა, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის ერთობლივ მისწრაფებას შუა დერეფნის, სამხრეთის გაზის დერეფნის რეალიზაციის კუთხით და აღნიშნეს, რომ ენერგეტიკული თანამშრომლობა ორ მეგობარ ქვეყანას შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიის გადაცემის, მწვანე წყალბადის პროექტების განვითარების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომლითაც საქართველო დაუკავშირდება ევროკავშირის ერთიან ენერგეტიკულ ბაზარს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.