თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოში 2016 წლის ანგარიშის წარდგენისას, მუნიციპალურ ტრანსპორტთან დაკავშირებით ისაუბრა.
მისი განცხადებით, 2017 წლის მარტის ბოლომდე თბილისს “Man Truck and Bus AG”-ის 143 ახალი ავტობუსი ეყოლება. ამ ეტაპზე ქალაქში, გრძელ დისტანციებსა და მარშრუტებზე უკვე მოძრაობს ევროსტანდარტების შესაბამისი 40 ლურჯი ავტობუსი.
ამასთან, უკვე დამონტაჟდა 200 ახალი მოსაცდელი. 2017 წელს კიდევ 500 ახალი მოსაცდელი დამონტაჟდება. მნიშვნელოვანია, რომ 2014 წლიდან დღემდე გაუქმებულია 800-ზე მეტი საპარკინგე ადგილი ტროტუარებზე.
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს თბილისს ახალი მუნიციპალური ავტობაზა ექნება, რომლის მშენებლობაც 2016 წელს დაიწყო. ანგარიშის წარდგენისას აღინიშნა, რომ დიდი ყურადღება ეთმობა მეტროს მოდერნიზაციას – 2016 წელს გარემონტდა 20 ვაგონი და მოდერნიზდა 4. 2017 წელს განხორციელდება 22 ვაგონის რემონტი და მოდერნიზაცია. ასევე, გარემონტდება მეტროს სადგურები.
თბილისის მერმა ყურადღება საბაგირო გზების განვითარებაზეც გაამახვილა. დავით ნარმანიას განცხადებით, 2017 წელს მთაწმინდის საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაციაც დაიწყება.
„ჩვენ აღვადგინეთ წლების განმავლობაში უფუნქციო კუს ტბის საბაგირო. საბაგირო გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა მოძველებული ინფრასტრუქტურა, გარემონტდა და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებით აღიჭურვა ორივე (ქვედა და ზედა) სადგური. ამასთან, მთლიანად შეიცვალა გამწევი ბაგირი,დამონტაჟდა თანამედროვე მართვის პულტი, კაპიტალურად გარემონტდა გონდოლები.სამუშაოების მიმდინარეობისას შენარჩუნდა სადგურებისა და გონდოლების ძველი იერსახე,გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საბაგირო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია“,- განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.