იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დეპორტირებული 300-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის იდენტიფიცირება მოახდინა.
ამის შესახებ აღნიშნული ლაბორატორიის კვლევაშია ნათქვამი.
უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაციის კვლევა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყებიდან 20 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.
კვლევის ავტორებმა გამოავლინეს 314 ბავშვი, რომლებიც დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში უკანონოდ გადაიყვანეს. მათგან, სულ მცირე, 208 ბავშვი შვილად აყვანის მონაცემთა რუსულ ბაზებში შეიყვანეს ან რუსეთის მეურვეობას დაუქვემდებარეს. ამასთან, კიდევ 67 ბავშვმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
2022 წლის მაისიდან ოქტომბრამდე ეს ბავშვები რუსეთში სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებით გადაიყვანეს. ისინი კურსკისა და როსტოვის ოლქებში არსებულ დროებითი განთავსების ცენტრებსა და სკოლებში დააბინავეს, შემდეგ კი რუსეთის 21 რეგიონში გადაანაწილეს.
უკრაინელი ბავშვების დეპორტირების და ნატურალიზაციის პროგრამას პირადად ხელმძღვანელობენ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და ბავშვთა უფლებების კომისარი, მარია ლვოვა-ბელოვა. სხვა საკვანძო ფიგურებს შორის არიან: სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი, ანა კუზნეცოვა, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საოკუპაციო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროსა და პარტია „ედინაია როსიას“ წარმომადგენლები.
დეპორტირებული ბავშვების შესახებ იელის უნივერსიტეტის ჰუმანიტარული კვლევების ლაბორატორიის კვლევას უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს არის უკრაინისა და უკრაინელების წინააღმდეგ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის კიდევ ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება.
„148 ახალგაზრდა უკრაინელი შეყვანილია ბავშვების განთავსების რუსულ მონაცემთა ბაზაში, მათგან 42 შვილად ან მეურვეობის ქვეშ აიყვანეს და რუსი მეურვე დანიშნეს. კიდევ 166 ბავშვი რუსულ ოჯახებშია განაწილებული. ეს კვლევა მსოფლიოს უჩვენებს, რას აკეთებს რუსეთი უკრაინული იდენტობის წასაშლელად და რამდენად სისტემურია მისი პოლიტიკა ამ მიმართულებით“, – აღნიშნა ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხზე“.