თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, დედაქალაქში განვითარებულმა მოვლენებმა კარგად აჩვენა, თუ რა პროცესები მიმდინარეობს რეალურად ქვეყანაში.
როგორც მან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, წარმოუდგენელია, ქვეყანა მუდმივ შანტაჟში იმყოფებოდეს.
„საზოგადოებამ დაინახა, თუ რა ხდება და რა პროცესები მიმდინარეობს. ამ დღეების განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თითქოს მოქალაქეები აპროტესტებდნენ იმას, თუ როგორ შეიძლება 2028 წლამდე არ ვიყოთ მათხოვრის როლში და არ ვექვემდებარებოდეთ იმ შანტაჟს, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ და რაც აბსოლუტურად მიუღებელია. ვერ წარმომიდგენია უბრალოდ, როდემდე უნდა ვიყოთ მსგავსი შანტაჟის ქვეშ, ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის თემით? ეს იყო ვითომ ძირითადი მღელვარების საგანი. დღეს ხომ ყველაფერი გამოიკვეთა? ყველაფერი ხომ ხელის გულზე დევს? მთელი ამ დღეების განმავლობაში ვსაუბრობდით და ახლაც გავიმეორებ: დადონ მოლაპარაკებების გახსნის დოკუმენტი და დღესვე ვაწერთ ხელს, მაგრამ არა, ეს არ არის მთავარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, რადიკალური ოპოზიციისთვის მთავარი არა საქართველოს ევროინტეგრაცია, არამედ ძალადობისა და საზოგადოების დაპირისპირების წახალისებაა.
„ეს რომ ყოფილიყო მთავარი და აწუხებდეთ იმ ვითომ აღნიშნული საკითხით გაღიზიანებულ ადამიანებს, მაშინ გამოვიდოდნენ აქციებზე, როდესაც კონკრეტული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ბრიუსელში დარბოდნენ და მცდელობა ჰქონდათ, „ასოცირების შესახებ შეთანხმება“ ჩავარდნილიყო; დარბოდნენ კაბინეტებში, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ამას ხომ თვითონ ზოგიერთი ოპოზიციონერი პარტიის წარმომადგენელიც ადასტურებდა? განცხადებებიც გაკეთდა ამასთან დაკავშირებით. მაშინ გინახავთ, რომელიმე გამოსულიყო, ეაქტიურა და პროტესტი გამოეხატა? მე, რა თქმა უნდა, ამას ყველაზე არ ვამბობ, მაგრამ ჩვეულებრივი ფარისევლები არიან იმ კონკრეტული რადიკაკური დაჯგუფებების წევრები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც „ცეცხლს უნთებდნენ“ მოქალაქეებს და მოუწოდებდნენ ძალადობისკენ; ყველანაირად ხელს უწყობდნენ, აძლევდნენ „მოლოტოვის კოქტეილებს“, პეტარდებს, რომ პოლიციელებისთვის სახეში ესროლათ. წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა იქნება აღკვეთილი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
მისივე განმარტებით, აქციებზე გაკეთებული განცხადებები, თითქოს მიმდინარე პროცესების უკან პოლიტიკური პარტიები არ დგანან, დადგმული სპექტაკლია და დასავლეთიდან ფინანსდება.
„აქციებზე რამდენიმე ადამიანის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება. პირდაპირი ეთერის დროს, ვიღაც გამოვა სახეზე აფარებული ნიღბით და ლანძღავს „ნაციონალურ მოძრაობას“, აგინებს მიხეილ სააკაშვილს, აგინებს სხვა წარმომადგენლებს. ეს ჩვვეულებრივი დადგმული სპექტაკლებია. უბრალოდ უნდათ, ხალხს აჩვენონ, რომ თითქოს აქ პოლიტიკური პარტიები, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ იბრძვის იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ, აგერ არიან სხვა პარტიებიცო. ვინ არიან ეს პარტიები და ვისგან შედგებიან, გავიაროთ ინდივიდუალურად: „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს დაშლილია სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიად – ზოგს „ახალი“ დაარქვეს, ზოგს – „ლელო“ და ა.შ. ყველა იმ ბოროტებაში და სისხლიან რეჟიმში აღმოცენებული ელემენტებია, რომელთაც სხვადასხვა როლი ჰქონდათ – ზოგი სახელმწიფო სამსახურში იყო, ზოგი გვერდიდან, ბიზნესიდან აუბედურებდა, ატერორებდა და ასახლებდა ხალხს. ყველას თავისი ფუნქცია ჰქონდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, არავის მიეცემა შესაძლებლობა, ქვეყანაში მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, რადგან ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება.
„საზოგადოება დღეს ყველაფერს ხედავს და ყველაფერი ნათელია. საქართველოში „ნაცმაიდანი“ ვერ შედგა. არავის მივცემთ შესაძლებლობას, მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება, ხალხის დაპირისპირება, საზოგადოების გახლეჩა. ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად. ეს ყველაფერი არის თავსმოხვეული ჩვენს ქვეყანაზე და ფინანსდება გარედან, დასავლეთიდან. ეს ყველაფერი უნდა შევაჩეროთ და ერთად უნდა ვიცხოვროთ ერთიან, ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელმწიფოში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.