ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, დავით კეზერაშვილის მიერ მითვისებული თანხები პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას ხმარდებოდა.
„ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ კეზერაშვილი არის ჩვეულებრივი ყაჩაღი. ის ძარცვავდა ქართულ ჯარს, შემდეგ უკვე გადავიდა ევროპელი პენსიონერების გაუბედურებაზე. ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ფაქტები, მიმდინარეობს საერთაშორისო გამოძიებაც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ასევე, დიდი უბედურება არის ის, რომ ეს მოპარული თანხები სხვადასხვა გზით ხმარდებოდა ტელევიზიებს, ტელევიზიის თანამშრომლებს და პოლიტიკური პროცესების კრიმინალიზაციას, რომ დაეძაბათ ყველაფერი, მომხდარიყო შეტაკებები, აგრესია, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა სარჩელი, რომელიც ამ რადიკალების მიერ იყო გაგზავნილი სტრასბურგის სასამართლოში, წააგეს. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვმოქმედებთ კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „კეზერაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უსამართლო არ ყოფილა.