ასეთი ბრუტალური თავდასხმით თუ ვინმე იყო დაინტერესებული, ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებას უწყობენ ხელს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე პირდაპირ ეთერში თავდასხმას გამოეხმაურა.
„ვინც იძალადა, დასაკავებელია. სამძებრო ოპერაციაში ჩართული არ ვარ, მაგრამ ამით თუ ვინმე დაზიანდა, რასაკვირველია, სახელმწიფო და მმართველი გუნდი. ასეთი ბრუტალური თავდასხმით თუ ვინმე იყო დაინტერესებული, ის ადამიანები იყვნენ, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციის განვითარებას უწყობენ ხელს. სრული მობილიზებაა საჭირო, რათა ეს ადამიანები გამოვლინდნენ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ჟურნალისტზე თავდასხმა მხოლოდ ფიზიკური შეურაცხყოფით არ გამოიხატება, სერიოზული შეტევა და ზეწოლაა, რაც ასევე დასაგმობია, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას შეუქცევადი ხასიათი ექნება.
ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება უნდა ჰქონდეთ. რასაკვირველია, შეიძლება, პოლიტიკური გემოვნება არ ემთხვეოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებას ფართო სპექტრს ინფორმაცია არ უნდა მიეწოდებოდეს. ჟურნალისტების მთელი გუნდი მუშაობს, რათა საზოგადოებამდე არასწორი ინფორმაცია მიიტანოს, ცეცხლზე ნავთი დაასხას და უფრო დაამძიმოს ვითარება. ამის კონკრეტული მაგალითებია.
ბულინგს რაც შეეხება, საზოგადოებრივ მაუწყებელზე თავდასხმა არის გათვლილი გეგმა. ისტერიკიანი ადამიანი ჟურნალისტს თავს როცა ესხმის, რასაკვირველია, დამახასიათებელია რადიკალებისთვის და ეს მხოლოდ ისტერიკის საფუძველზე არ ხდება, ეს არის კონკრეტული გეგმა, ხელი შეუშალონ ინფორმაციის გავრცელებას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.