გახარიას წარმომადგენლების ტელეკომპანია „იმედთან“ მისვლა არ მიკვირს, რადგან, „იმედი“ არის ყველაზე მაღალრეიტინგული ტელემაუწყებლობა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უყურებს და ნდობას უცხადებს, ამიტომ, მათი მიზანია, რომ იმ ნეიტრალურ, სამართლიან მიდგომებს, რომელიც „იმედთან“ არის დაკავშირებული, რაღაცნაირად ჩრდილი მიაყენონ მათთვის ჩვეული მეთოდებით, – განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „დღის ქრონიკაში“.
„ხელწერა, რაც წინა ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული, თავისუფალი სიტყვის ჩახშობასთან მიმართებაში, კვლავ ამ ადამიანებთან ასოცირდება. ამ დღეების განმავლობაში ვნახეთ არაერთი მცდელობა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში შეჭრის, ვნახეთ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები, რომელიც სამწუხაროა, მაგრამ არც იმ ტელევიზიებს, რომლებიც ასოცირდებიან ოპოზიციურ რადიკალურ ძალებთან, არ დაუგმიათ და სამწუხაროდ დიპლომატიური კორპუსის მხრიდანაც არ გვსმენია ამ ფაქტების დაგმობის კონკრეტული განცხადებები“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.