არასრულწლოვანს, რომელიც რუსთაველის გამზირზე აქციაზე დააკავეს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა შეეცვალა და დარბაზიდან გათავისუფლდა.
აღნიშნული შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა.
არასრულწლოვანს ყველაზე მსუბუქი აღკვეთის ღონისძიება, მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა განესაზღვრა. არასრულწლოვანის სათანადო ქცევაზე კი პასუხისმგებელი არასრულწლოვანის მამა იქნება.
პროკურორის ინფორმაციით, შუამდგომლობის საფუძველი არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება გახდა.
„ამ შემთხვევაში წარდგენილი ბრალდება საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთ ოთახში ხანძრის გაჩენის ეპიზოდს ეხებოდა. სხვადასხვა გარემოებები არსებობდა, რომელიც აღკვეთის ღონისძიებას საფუძვლად დაედო. ამ შემთხვევაში არასრულწლოვანის კანონიერი ინტერესი გავითვალისწინეთ. როდესაც არასრულწლოვანის გადაცემა ხდება მშობლის მეთვალყურეობაში, ლოგიკურია, მშობლის თანხმობა, მზაობა უნდა არსებობდეს. არასრულწლოვანთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებები არსებობდა, რომელზეც მშობელი არ იყო ინფორმირებული და, ფაქტობრივად, ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ ის პასუხისმგებლობა, რომ, მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს, ეს გარანტიები მივიღეთ, – განაცხადა პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აღნიშნულ პირს აქციაზე წასვლა აეკრძალა, პროკურორი პასუხობს, რომ ეს ასე არ არის და არსებობს კონკრეტული საათები, რომლებსაც არასრულწლოვანი სკოლასა და სახლში უნდა ატარებდეს.
„აქ საუბარი არ არის აქციაზე. საუბარია არასრულწლოვანზე, რომელიც კონკრეტულ დროს სკოლაში უნდა ატარებდეს, კონკრეტულ დროს სახლში უნდა ატარებდეს. თუმცა ბრალდების მხარეს არანაირი შეზღუდვა არ ჰქონია, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საქმეზე თავად ადვოკატების თხოვნა იყო, რომ აქციაზე არ გავუშვათ დამატებით აღკვეთის ღონისძიებადო, ამას, რა თქმა უნდა, ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. ვისაც სად უნდა, იქ ივლის, თუმცა არასრულწლოვანის მეთვალყურეობის ქვეშ გადაცემა ნიშნავს იმას, რომ მშობელს პასუხისმგებლობა გააჩნია და ეს უნდა იყოს შესრულებული“, – განაცხადა იაკობიძემ.
17 წლის ბრალდებულს გამოძიება სისხლის სამართლის დანაშაულს, სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.