ადამიანი, რომელიც „სიენენის“ ჟურნალისტმა თავის სიუჟეტში გათავისუფლებულ სირიელ პატიმრად წარადგინა, ასადის რეჟიმის დაზვერვის ყოფილი აგენტი აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ამერიკულმა ტელეკომპანიამ დაადასტურა.
საუბარია ვიდეოზე, რომელშიც „სიენენის“ კორესპონდენტი კლარისა უარდი და მისი გადამღები ჯგუფის წევრები დამასკოში მდებარე ციხეში შემთხვევით გადააწყდებიან პატიმარს. ის ამტკიცებდა, რომ ქალაქ ჰომსის მცხოვრები ადელ ღარბალია და სამი თვეა, ციხეშია. ეს ვიდეო ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
როგორც მოგვიანებით დადგინდა, ეს ადამიანი არის სირიის სამხედრო საჰაერო ძალების დაზვერვის თანამშრომელი სალამა მოჰამედ სალამა, რომელიც ადგილობრივებმა ამოიცნეს. ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად „სიენენმაც“.
მომხდარის შემდეგ სოციალურ ქსელებში ამერიკული ტელეკომპანია გათავისუფლებული სირიელი პატიმრის ვიდეოს დადგმაში დასდეს ბრალი. სოციალური ქსელების მომხმარებლები „სიენენს“ მომხდარის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვენ.
მოგვიანებით, ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა ვიდეო, რომელშიც სკანდალურ ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცის ნამდვილი ვინაობა დაასახელა. თუმცა, კრიტიკოსების ნაწილი მაინც აკრიტიკებს „სიენენს“, რადგანაც ტელეკომპანიამ ვიდეო მისი ავთენტურობის სრულად შემოწმებამდე გაუშვა ეთერში.