აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი იანვრის დასაწყისში კიევსა და რამდენიმე სხვა ევროპულ ქვეყანას ეწვევა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს მტკიცებით, კელოგი მოსკოვში ვიზიტს არ გეგმავს, თუმცა მას უკრაინის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა სურს. ახლა მისი გუნდი ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრების ორგანიზებით არის დაკავებული, მაგალითად, რომსა და პარიზში.
თუმცა, როგორც Reuters წყარო უყვება, კელოგის ვიზიტების დეტალები ჯერ ისევ ზუსტდება და, შესაძლოა, შეიცვალოს.
როგორც სააგენტო იუწყება, კელოგის ვიზიტების მთავარ მიზანს ფაქტების შეგროვება და არა მოლაპარაკებების გამართვა წარმოადგენს. მისი ვიზიტები იმის დემონსტრირებაა, რომ ტრამპს ნამდვილად სურს უკრაინაში ომის სწრაფად დასრულება.