გერმანელი პოლიტიკოსები ილონ მასკს პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მხარდაჭერის გამო აკრიტიკებენ. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
მანამდე ილონ მასკმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მხოლოდ გერმანიის სიდიდით მეორე პარტია, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გადაარჩენს გერმანიას.
ბოლო გამოკითხვების თანახმად, AfD-ს 19%-იანი რეიტინგი აქვს და პოლიტიკურ პარტიებს შორის მეორე ადგილზეა. ცნობისთვის, გერმანიაში 2025 წლის 23 თებერვალს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ილონ მასკის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლება ასევე ეხება მულტიმილიარდერებს, მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ უფლება თქვათ ისეთი რამ, რაც არ არის სწორი და არ არის კარგი პოლიტიკური რჩევა“.
მემარცხენე პარტიის წევრმა, კლარა ბუნგერმა განაცხცადა, რომ მასკის კომენტარი წარმოადგენს „ჩარევას“, თუმცა აღნიშნა, რომ „ის [ილონ მასკი] რეალურად არაფერში მონაწილეობს პოლიტიკის თვალსაზრისით და რომ მან ნამდვილად არ იცის როგორ მუშაობს პოლიტიკური დისკუსიები გერმანიაში“.
მწვანეთა პარტიიდან ანტონ ჰოფრაიტერმა AfD-ს უწოდა „მილიარდერების მიერ ნაყიდი მოღალატეები“ და „ფაშისტების ჯგუფი, რომლებიც არა მხოლოდ პუტინმა იყიდა, არამედ ახლა მხარს უჭერს მემარჯვენედ ქცეული მულტიმილიარდერი ექსტრემისტი“.