გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის თქმით, მას შეუძლია წარმოიდგინოს გერმანელი ჯარისკაცები უკრაინაში, მაგრამ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ. ამის შესახებ პისტორიუსმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
„მინდა, ერთი რამ ნათლად განვაცხადო, სანამ ომი არ დასრულდება, უკრაინის მიწაზე არცერთი გერმანელი ჯარისკაცი არ იქნება. ჩნდება კითხვა, როდის უნდა დადგეს ზავი ან მშვიდობა – და როდის გახდება ნათელი, როგორ გამოიყურება ეს. მაგალითად, იქნება თუ არა გამყოფი ხაზი, ბუფერული ზონა ან სამშვიდობო ზონა, სადაც შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფენ მშვიდობას? როგორც ხედავთ, აქ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი კითხვაა განცხადების გასაკეთებლად”, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.
პისტორიუსის თქმით, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პარლამენტი მიიღებს.
„ერთი რამ ნათელია, გერმანია, როგორც ნატო-ს უდიდესი ქვეყანა ევროპაში და უდიდესი ეკონომიკა ევროპაში, ვერ გადგება განზე“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
უკრაინაში შესაძლო სამშვიდობო მისიაში დასავლელი ჯარისკაცების მონაწილეობის შესახებ კითხვაზე პასუხისას, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ყოველთვის საჭიროა სწორი თანმიმდევრობით მოქმედება. მისივე თქმით, უკრაინამ თავად უნდა განსაზღვროს, რა არის მისი მიზნები იმ მშვიდობასთან დაკავშირებით, რომელიც არ იქნება ვინმე მიერ ნაკარნახევი.
ცნობისთვის, მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ბრიუსელში შეხვედრებზე განიხილებოდა უკრაინაში სამშვიდობო მისიის დისლოცირები იდეა, როგორც რუსეთის ახალი თავდასხმისგან ერთ-ერთი დამცავი მექანიზმი. შოლცმა განაცხადა, რომ ხედავს პოზიტივს ზოგიერთი ლიდერისგან.