საუბარი, რომ თითქოს სადღაც ლეგიტიმაციები უნდა მოგვცეს ან შეხვედრამ, ან ზარმა, იყო მოქალაქეების შეცდომაში შეყვანის მიზნით, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
„არჩევნებს ლეგიტიმაციას პირველ რიგში აძლევს ამომრჩეველი. რამდენი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, რამდენად საკმარისი იქნება მონაწილეობა არჩევნებში მოქალაქეების მხრიდან, რომ არჩევნები ჩაითვალოს ჩატარებულად. არჩევნებში, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში, მონაწილეობა მიიღო სათანადო რაოდენობის ამომრჩეველმა და მას აქვს შესაბამისად ლეგიტიმაცია.
თავად დასკვნა იტყოდა თუ არ იტყოდა, ლეგიტიმურია თუ არ არის ლეგიტიმური, ეს ისედაც მცდარი მოლოდინი იყო. თუმცა, ის, რამაც შეიძლება კითხვის ნიშანი დასვას არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით, არის, რომ შენ ხელი შეუშალო ამომრჩეველს, არ გაუკეთო ორგანიზება არჩევნებს ისე, რომ შესაძლებლობა ჰქონდეს ამომრჩეველს მიიღოს მონაწილეობა მასში, ან არ ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა.
ხშირად არის ხოლმე სხვადასხვა ქვეყანაში, რომ იზღუდება კანდიდატების რეგისტრაცია, ან ზღუდავენ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენთან მსგავსი რამ არ მომხდარა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ყველა იმ პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც განცხადებით მიმართა ცესკოს და აკმაყოფილებდა შესაბამისი კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მათ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობა, რაც აღნიშნულია ასევე ამ დასკვნაში.
რაც შეეხება კრიტიკულ ნაწილებს, რა თქმა უნდა, ნორმალურია. ეუთო/ოდირის არც ერთი მისია არ არსებობს, რომელიც წარმოადგენს აბსოლუტურად პოზიტიურ შეფასებას რომელიმე არჩევნებზე. ეს ორგანიზაციები არის სწორედ იმისთვის შექმნილი, რომ ყურადღება გაამახვილონ იმ გამოწვევებზე, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ან რეკომენდაციები მოგცენ სხვადასხვა მიმართულების დასახვეწად. ეს ხდება ყველასთან მიმართებაში.
ნებისმიერ დასკვნას რომ გადახედოთ, ყველგან იპოვით კრიტიკულ მონაკვეთებს, რაც შეიძლება ასეთივე წარმატებით გამოიყენოს ოპოზიციამ“, – აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.