თბილისში 25 წლის მიშო ქავთარაძე მოკლეს. შემთხვევა ვარკეთილში მოხდა. ასევე დაჭრილია მოკლულის მამა და კიდევ ორი პირი. დანაშაულში ბრალდებული პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2004 წელს დაბადებული დ.გ. ცხელ კვალზე დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ოთხ პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ერთი პირი (მიშო ქავთარაძე) საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო სამ პირს შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
AMBEBI.GE მოკლული ახალგაზრდას დეიდაშვილს ანი ფაცაციას ესაუბრა:
“ჩათვალეთ, რომ მიშო ჩემი ძმაა… იქ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, უკანა ეზოში ვიღაც ბიჭები მოვიდნენ და მათთან შელაპარაკება მოხდა. ჩხუბის დროს ბიძაჩემი – ბესო ჩავიდა ეზოში ბიჭების მოსარიგებლად. ყველაფერი თითქოს გაირკვა, დალაგდა სიტუაცია, მაგრამ ის ბიჭები უკან დაბრუნებულან შეიარაღებულები და მიშოს და მის ძმაკაცებს თავს დასხმიან. ამ ბიჭებს მიშო არ იცნობდა, უბრალოდ, უბნელები ჰგონებია და შორიდან დაუძახიათ, ისინი აშარებიან, გაიარეო, და ამას მოჰყვა მთელი ამბავი. ერთ-ერთს, მანქანაში მჯდომს, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, დაუნახავს, რომ 4 ბიჭი ერთმანეთზე იყო გადაფარებული, ერთმანეთს იცავდნენ – ანუ ჩემი დეიდაშვილი, ბიძაჩემი და მისი ორი მეგობარი ცდილობდნენ ერთმანეთი გადაერჩინათ. ჩვენებს არც ერთს არ ჰქონია იარაღი, ერთმანეთს აშველებდნენ, უბრალოდ. ბიძაჩემს ბევრი მძიმე ჭრილობა მიაყენეს დანით, ის ახლა სიკვდილს ებრძვის, ბიჭებს გადაეფარა.
მეგობრებს გადაფარებული მიშოსთვის უკნიდან “შტირი” (წვრილი და გრძელი, ბასრი საგანი) გაუყრიათ. ბიჭები რომ ყვიროდნენ, დაჭრილები ვართო, დაჭრილმა მიშომ თავისი ხელით ჩასვა ისინი მანქანაში, არც უთქვამს, რომ ისიც დაჭრილი იყო და საავადმყოფოში მისულს გაუჩერდა გული, იქ დალია სული. ბიძაჩემს სასიკვდილო ჭრილობები აქვს გულში, ყელში, ფილტვიც დაზიანებული აქვს…
იმ ორ ბიჭსაც ოპერაცია გაუკეთდა და ახლა პალატებში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა სტაბილურია. ექიმები ბიძაზე არც ფიქრობდნენ, რომ გადარჩებოდა. მიშო დეიდაჩემის ერთადერთი შვილია. დეიდა ემიგრაციაში იყო, 8 წლის უნახავი შვილის სანახავად მოფრინავდა, აეროპორტში უნდა დახვედროდა. გუშინ ჩამოფრინდა, არ იცოდა შვილის ამბავი, მოვატყუეთ, რომ რეანიმაციაში იყო. ისეთი გამწარებულია, მეტი არ შეიძლება…
ახლა დასტირის, ყველამ გაიგოს, ერთადერთი შვილი მომიკლეს და მწარედ უნდა დაისაჯონ მკვლელებიო. ამ ამბავს დეიდას გამო არ ვასაჯაროებდით. ის მიკვირს, რომ თქვენს გარდა რეაგირება არავის მოუხდენია და მიჩნდება კითხვა – მკვლელებს ვიღაც ხომ არ მფარველობს? მკვლელები არ ვიცი, ვინ არიან, ჭორის დონეზე ამბობენ, რომ ნახალოვკელები არიან.
შსს-დან რა ინფორმაციაც მივიღე, ყველა დაკავებულია, მკვლელი გუშინ დააკავეს გორში. მათ გვარებს არ გვეუბნებიან… მიშო სწავლობდა, სპორტითაც იყო დაკავებული, პატარ-პატარა ბიზნესებიც ჰქონდა, ძალიან აქტიური, საქმიანი და ინტერესიანი ადამიანი იყო. მას მეუღლე და 2 მცირეწლოვანი გოგონა დარჩა. მოგვიკლეს ბიჭი, რომელიც ქველმოქმედების გარდა არაფერს აკეთებდა. რა ვიცი, საოცარი ბიჭი გამოგვეცალა ხელიდან“…