სალომე ზურაბიშვილს წინადადება ჰქონდა, რომ ტექნიკური მთავრობა შეექმნა და პრემიერ-მინისტრის კანდიდატი წარედგინა, მისი მხრიდან ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ოპოზიციის მიმართ იყო შეთავაზებული, რაც უარყოფილი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის განცხადებით, „როგორც ჩანს, ახლა საერთო აზრამდე მივიდნენ, რომ რაღაც პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შემოიტანონ და მხოლოდ მიტინგებით და ქალაქის დარბევებით ფონს ვერ გავლენ“.
„საზოგადოების დიდმა ნაწილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მხარი კონკრეტული მიზნების განხორციელებისთვის დაუჭირა. რა ფორმატი და პლატფორმაც არ უნდა შექმნან, რა საკვირველია, მთავარი ისაა, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს აწყობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს პოლიტიკური ტრიუკია, გარკვეული ნაბიჯია, რათა ხალხს პროცესი დაანახოს და ამაში არანაირი შინაარსი არ დევს, გარდა იმ დესტრუქციისა, რასაც სალომე ზურაბიშვილი და ყველა ის რადიკალური პოლიტიკური სუბიექტები მიჰყვებიან, რომლებიც გაერთიანებული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახელის ქვეშ არიან. სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციური უფლება არ აქვს, რომ არჩევნები დანიშნოს გარდა იმის შემთხვევისა, თუ პარლამენტმა მთავრობას ნდობა არ გამოუცხადა. თუ მისი მხრიდან ეს ნაბიჯი გადაიდგა და არჩევნებს დანიშნავს, ის მისი რიტორიკიდან კონკრეტულ ქმედებაზე გადავა, რასაც ხელისუფლების დამხობის მცდელობა ჰქვია. რა საკვირველია, ეს მცდელობა გარკვეულ დანაშაულს შეესაბამება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსშია აღწერილი. რაც შეეხება ოპოზიციას, მათ შორის ერთიანი აზრი არ არსებობს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, „კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, რომელიც ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას გულისხმობს“.
„ამ გეგმას უპირისპირდება ნებისმიერი სხვა, რომელსაც რაღაც პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ჰქვია. მიუხედავად ამ განსხვავების, მაინც მგონია, რომ სერიოზული უნისონია – შეთანხმებული პოზიციაა, რომ სალომე ზურაბიშვილი წამოწიონ, როგორც მშვიდობის მტრედი და თუ ამ საკითხებთან მიმართებით ხელისუფლებას სერიოზული და საფუძვლიანი პრეტენზია ექნება, წამოწიონ აზრი, რომ მშვიდობიანი შეთავაზება უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ, ხოლო სიმართლე და სწორი გზაა ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი ხანია გვთავაზობს და რასაც ხელისუფლების ძალისმიერი დამხობა ჰქვია. ეს არის სცენარი, რომელიც უნდათ, საზოგადოებას შემოაპარონ და ქუჩაში დამატებითი ძალები გამოიყვანონ, რაც რთული იქნება იმ ვითარებაში, როდესაც ხალხს კარგად ესმის, რასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ვოლსკიმ.