სირია-თურქეთის მოსაზღვრე რაიონებზე კონტროლის დასაბრუნებლად, სირიელმა ქურთებმა თურქეთისგან მხარდაჭერილი „სირიის ეროვნული არმიის“ წინააღმდეგ კონტრშეტევა დაიწყეს. ამის შესახებ „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს ინფორმაციას.
ძირითადად ქურთებისგან დაკომპლექტებული აშშ-ის მოკავშირე „სირიის დემოკრატიული ძალები“ ქალაქ მანბიჯთან გადავიდნენ შეტევაზე.
ბაშარ ასადის რეჟიმის ჩამოშლამდე, აღნიშნულ ტერიტორიას სწორედ ქურთები აკონტროლებდნენ, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მანბიჯზე და მის შემოგარენზე კონტროლი „სირიის ეროვნულმა არმიამ“ დაამყარა.
ქურთი მებრძოლები აცხადებენ, რომ მანბიჯის ცენტრიდან დაახლოებით 11 კილომეტრში იმყოფებიან.
„სირიის დემოკრატიული ძალების“ პრესსპიკერმა, ფარჰად შამიმ განაცხადა, რომ ჯგუფის ძალებმა თურქეთის მიერ მხარდაჭერილ მეამბოხეებს უკან დაახევინეს ევფრატზე ტიშრინის კაშხლის მახლობლად, რომელიც არის ელექტროენერგიის მთავარი წყარო.
ქურთმა სამხედროებმა ღამის ბრძოლების შემდეგ, სტრატეგიული კაშხლის მახლობლად ოთხი სოფელი დაიბრუნეს. ქურთები აცხადებენ, რომ თურქეთი ცდილობს, დაასუსტოს მათი პოზიციები სირიის პოლიტიკურ მომავალზე მოლაპარაკებებში.
თურქეთი „სირიის დემოკრატიულ ძალებს“ მთავარ მეტოქესთან, „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში ადანაშაულებს, რომელიც თურქეთს ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.