ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან მომხდარ ავიაკატასტროფას 28 ადამიანი გადაურჩა. ინფორმაციას ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.
„წინასწარი მონაცემებით, 28 ადამიანი გადარჩა, მათგან ორი ბავშვი საავადმყოფოშია მოთავსებული“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან ერთად, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთში დსთ-ს სამიტში მონაწილეობა შეწყვიტა და ბაქოში ბრუნდება. ალიევმა უკვე გამოუცხადა სამძიმარი ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.
ცნობისთვის, დღეს აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.