კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის შემდეგ პატრიარქის ღვაწლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 1977 წლის 25 დეკემბრიდან ქართული ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო.
„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, დღეს მთელი საქართველოსთვის ღირსშესანიშნავი და სასიხარულო დღეა. ჩვენ აღვნიშნავთ კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე თქვენი აღსაყდრების 47-ე წლისთავს. მაქვს პატივი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის, წმინდა სინოდის სახელით გულითადად მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი თარიღი. 1977 წლის 25 დეკემბერს, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში თქვენი აღსაყდრებით ჩვენი ეკლესიისა თუ ქვეყნისთვის ახალი ეპოქა დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როდესაც საქართველო დიდი გამოწვევების წინაშე იდგა და წინ ურთულესი ათწლეულები გველოდა. ამიტომ ეკლესიის მეთაურს მართებდა განსაკუთრებული მოთმინების, სიბრძნის, მოწყალების და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ მან თქვენი სახით სწორედ ასეთი თვისებების მქონე სულიერი წინამძღოლი მოგვივლინა“, – განაცხადა მეუფე შიომ.