გამოდის, რომ ის თავის მუდმივ პრეზიდენტობას არა სამართლებრივ ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „ღამის კურიერი”. იგი ამგვარად აფასებს სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, რომ 29 დეკემბრის შემდეგ ლეგიტიმური პრეზიდენტი კვლავ ის იქნება და ათონელის რეზიდენციაში დარჩება.
ამასთან, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ და მმართველი პარტიის ამომრჩევლები არ აპირებენ, მათი ხმები ვინმეს დაუთმონ.
„გამოდის, რომ ის [სალომე ზურაბიშვილი] თავის მუდმივ პრეზიდენტობას არა სამართლებრივ ლეგიტიმაციას, არამედ შენობით ლეგიტიმაციას უკავშირებს და ეს უკვე სასაცილო იქნება, თუ კი ფიქრობს, რომ მისი ლეგიტიმაცია გამომდინარეობს იმ შენობიდან, რომელშიც ის არის.
არც ჩვენ – „ქართული ოცნება“, როგორც პარტია და არც ერთი ჩვენი ამომრჩეველი – 1 120 053 ადამიანი, არავინ აპირებს, რომ ამ ამომრჩევლების ხმები ვინმეს დაუთმოს. ამაზე უნდა იფიქროს უპირველეს ყოვლისა ყველამ, ვინც კი რაღაც აბსურდულ გეგმებს აწყობს.
რაც შეეხება ქალბატონი სალომეს პოზიციას, რომელიც ახალი არ არის, გარკვეული ხნით ადრე მე ვუწოდე, რომ მას სახელმწიფოს მიმართ ლუი მე-14-ს მიდგომა აქვს და ფაქტობრივად, ამას ამბობს დღეს, რომ სახელმწიფო არის ის თავად თავისი ატრიბუტიკით”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.