“ბუნებრივია, ოპოზიციისთვის ეს თარიღი იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა და დესტაბილიზაცია,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღთან დაკავშირებით გააკეთა.
ბოჟაძე აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც მიხეილ ყაველაშვილი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგება, სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტი გახდება, ხოლო რომელ შენობაში “გამაგრდება”, – ეს უკვე მისი გადასაწყვეტია.
“პრეზიდენტის ინაუგურაცია ჩატარდება 29 დეკემბერს. 11 საათზე, საქართველოს არჩეული პრეზიდენტი დადებს ფიცს და შეუდგება პრეზიდენტის უფლებამოსილების აღსრულებას. სალომე ზურაბიშვილი აღარ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, ამიტომ ყოფილი პრეზიდენტი რომელ შენობაში გამაგრდება, რომელ ოთახში გამოიკეტება და დაეჯაჯგურება იმ სკამს რომელიც, როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ძვირფასია, ეს მათი გადასაწყვეტია.
ბუნებრივია, ოპოზიციისთვის ეს თარიღი იქნება კიდევ ერთი შანსი, რომ ქვეყანაში გამოიწვიონ არეულობა, დესტაბილიზაცია, თუმცა სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა,” – აცხადებს ვლადიმერ ბოჟაძე.