სირიაში ბაშარ ალ-ასადის მხარდამჭერ ძალებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მოხდა. შემთხვევის შედეგად 14 პოლიციელი დაიღუპა. სირიის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი „ტელეგრამზე“ წერს, რომ შეტაკების შედეგად ასევე დაშავდა ათი პოლიციელი. მინისტრმა პირობა დადო, რომ მკაცრ ზომებს მიიღებენ ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედავს, შეარყიოს სირიის უსაფრთხოება ან საფრთხე შეუქმნას მისი მოქალაქეების სიცოცხლეს.
მანამდე, სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, პოლიციამ ქალაქ ჰომსში „კომენდანტის საათი“ დააწესა ერთი დღით, მას შემდეგ, რაც ადგილობრივი ალავიტებისა და შიიტი მუსლიმების რელიგიური თემების წევრების დემონსტრაციების შემდეგ არეულობა დაიწყო.
„როიტერი“ წერს, რომ ვერ შეძლო დემონსტრანტებს შორის არეულობის მიზეზის დადგენა, თუმცა ადგილობრივები ამბობენ, რომ დემონსტრაციები დაკავშირებული იყო ბოლო დღეებში ალავიტების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და ძალადობასთან. ალავიტები დიდი ხნის განმავლობაში ასადის ერთგულად ითვლებოდნენ.