ანა დოლიძეს ისე უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, რომ დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ის დარჩება იმ შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა პაპუაშვილს ჰკითხეს დოლიძის გუშინდელ განცხადებაზე: „პრეზიდენტს შევთავაზეთ ფიზიკური მხარდაჭერა 29 დეკემბრის შემდეგ, მის გვერდით დგომა, აქ ყოფნა და სასახლიდან არგასვლა“.
პაპუაშვილის თქმით, დოლიძეს დაუოკებელი სწრაფვა აქვს ხელისუფლებისკენ და მისი ეს განცხადება გასაკვირი არ არის.
„იცით, რომ ის იყო პირველი, რომელმაც თავის სოციალურ ქსელში არჩევნების მეორე დღესვე დაწერა, რომ პარლამენტის წევრია. სტატუსი იმ მომენტშივე შეიცვალა. მას ხელისუფლების გარკვეული ხიბლი აქვს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქალბატონი სალომე რომც გამოვიდეს, ანა დოლიძე ალბათ იქ დარჩება და დახვდება ახალ პრეზიდენტს. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ არასერიოზულია. მგონი, თვითონაც აცნობიერებენ, რომ ერთი მხრივ, არასერიოზულია ასეთი მიდგომა, სასაცილოდ გაიხდის თავს ყველა, ვინც ასეთ ნაბიჯზე წავა, რომ ოთხი კედლის ლეგიტიმაციის იმედად იყოს. მეორე მხრივ – ეს არის წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ და არავის ვურჩევ, რომ ხალხის წინააღმდეგ წავიდეს. ყველა, ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წავიდა, ყველამ წააგო. აქაც ხედავენ, რომ აგებენ ამ ბრძოლას ქართველი ხალხის წინააღმდეგ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.