ხუთშაბათს, 26 დეკემბერს, ფინეთის ხელისუფლებამ თავისი კონტროლის ქვეშ აიყვანა რუსეთიდან შემოსული ტანკერი, რომელიც მედიის ინფორმაციით, რუსული ე.წ „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილია. გემი ეჭვმიტანილია ენერგომატარებლებისა და ინტერნეტის გამტარი წყალქვეშა კაბელის, EstLink2-ის დაზიანებაში, რომელიც ფინეთსა და ესტონეთს აკავშირებს. სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, ინციდენტთან დაკავშირებით, ჰელსინკისა და ტალინის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრებს მართავენ.
„სერიოზული დივერსიის საქმეს ვიძიებთ. ჩვენი ინფორმაციით, ზიანი გემის ღუზის საშუალებით არის მიყენებული“, – აცხადებს ფინეთის გამოძიების ეროვნული ბიუროს დირექტორი, რობინ ლარდო.
26 დეკემბერს ჰელსინკიში გამართული პრესკონფერენციის დროს, ფინეთის სანაპირო დაცვის წარმომადგენელმა განმარტა, რომ კუკის კუნძულებზე რეგისტრირებული გემის, Eagle S-ს მართვა თავის თავზე ფინეთის სანაპირო დაცვის ჯგუფმა აიღო, რომელმაც აღნიშნული საზღვაო სატრანსპორტო საშუალება ფინეთის ტერიტორიულ წყლებში გადაიყვანა.
ამასთან, სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს ფინეთის საბაჟო სამსახურის განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ გემზე არსებული ტვირთი კონფისკირებულია და გამოთქმულია ეჭვი, რომ Eagle S მოძველებული რუსული ტანკერების ე.წ. „ჩრდილოვან ფლოტს“ ეკუთვნის, რომელსაც მოსკოვი სანქციების გვერდის ავლით რუსული ნავთობის გასაყიდად იყენებს.
„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს არის გემი, რომელიც ჩრდილოვან ფლოტს ეკუთვნის“, – განუცხადა „ფაინენშალ თაიმსს“ ფინეთის საბაჟოს სპიკერმა.
ბალტიის ზღვის უსაფრთხოება
სკანდინავიის ქვეყნები დივერსიის აქტებს მას შემდეგ უფრთხიან, რაც წყალქვეშა კაბელებისა და მილსადენების მუშაობაში, 2022 წლის შემდეგ, არაერთი შეფერხება მოხდა. ამასთან, დასავლეთის ქვეყნების 12-კაციანმა სამუშაო ჯგუფმა 16 დეკემბერს გამოაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმენა ზომებზე, რომელთა მიზანია, ხელი შეუშალოს რუსეთის მიერ თავისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ გამოყენებას და ამ გზით მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის საფასური გაუზარდოს.
„ჩვენ თავიდან უნდა ავიცილოთ რისკები, რომლებიც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტისგან“ მომდინარეობს“, – დაწერა ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმა ხუთშაბათს სოციალურ ქსელ X-ში.
ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, კესტუტის ბუდრისის თქმით, ბალტიის ზღვაში ინციდენტების მზარდი რაოდენობა უნდა გახდეს მკაფიო და მკაცრი გაფრთხილება ნატო-სა და ევროკავშირისთვის, რომ ადგილობრივი წყალქვეშა ინფრასტრუქტურის დაცვის გაძლიერება გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს.
ფინური კომპანია „ფინგრიდის“ განმარტებით, დაზიანებული ენერგოკაბელის შეკეთებას რამდენიმე თვე დასჭირდება. ამავე კომპანიის წარმომადგენლები ადასტურებენ, ფინეთში ელექტროენერგიის მიწოდება ამ დროისთვის კვლავ სტაბილურია.