რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი უკრაინის მიერ ორგანიზებულ მშვიდობის მეორე სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს.
რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, კიევი უარს არ ამბობს მისი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე 1991 წლის საზღვრების ფარგლებში და კვლავ ითხოვს რუსული ჯარის გაყვანას. მისი თქმით, ეს პუნქტები უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარმოდგენილი „მშვიდობის ფორმულის“ ძირითად ნაწილს წარმოადგენს.
„ოქტომბერში სამიტის მოსამზადებელი რამდენიმე შეხვედრა გაიმართა. ჩვენ ვიცით, რომ ორგანიზატორებს რუსეთის დაპატიჟება სურთ, რათა როგორც გვესმის, ჩვენ რაღაც ულტიმატუმი დაგვიყენონ“, – განაცხადა ლავროვმა.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, ლავროვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი მშვიდობის სამიტში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს.
„მე ბევრჯერ ავხსენი, რომ რუსეთი არ აპირებს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას იმ შემთხვევაშიც კი, თუ ოფიციალურ მიწვევას მივიღებთ“, – დასძინა მან.
ცნობისთვის, მშვიდობის პირველი სამიტი მიმდინარე წლის ივნისში ჩატარდა. მშვიდობის მეორე სამიტის ჩატარების ადგილი და დრო ჯერჯერობით უცნობია.