უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ჟურნალისტთან ლექს ფრიდმანთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ქვეყანამ აშშ-ის მიერ დაპირებული ფულადი დახმარების ნახევარი დღემდე არ მიიღო.
„თუ ჩვენ ავიღებთ, მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ფულს, ამ ომის განმავლობაში სადღაც 177 მილიარდი [დოლარის] შესახებ გადაწყვეტილება იყო მიღებული. მოდით, პირდაპირ ვთქვათ. ჩვენ ამ ფულის ნახევარიც ვერ მივიღეთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მან დაუშვა, რომ ასეთი ვითარების მიზეზი, შესაძლოა, კორუფცია ყოფილიყო. „ვისია ეს კორუფცია? ეს უკვე სხვა საკითხია“, – დასძინა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ის აშშ-ს სთავაზობდა, იარაღის გადატანას უკრაინული სატვირთო თვითმფრინავებით, თუმცა ამერიკელებმა ეს საკუთარი თვითმფრინავებით გააკეთეს, რამაც ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.