დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლისა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელის ილონ მასკის კრიტიკას უპასუხა.
პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ მას, ვინც დეზინფორმაციას და ტყუილს ავრცელებს, მხოლოდ საკუთარი თავი აინტერესებს.
ცნობისთვის, მასკმა გაერთიანებული სამეფოს მეფეს ჩარლზ მესამეს პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისკენ მოუწოდა.
ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის წევრმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და უსაფრთხოების მინისტრი, ჯეს ფილიპსი მოძალადეთა ბანდების საქმეზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირების გამო მწვავედ გააკრიტიკა.
გავრცელებული ცნობით, უსაფრთხოების მინისტრმა, ქალაქ ოლდჰემის საბჭოს ბავშვების მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეებზე სახელმწიფო გამოძიების ჩატარებაზე უარი თქვა. მან საქმის წარმოება ადგილობრივ საბჭოს დაავალა.