საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის ათწლიანი პატიმრობა ემუქრება, თუ სასამართლო მას დამნაშავედ ცნობს ლიბიის ყოფილი პრეზიდენტის, მუამარ კადაფის მიერ მისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებისთვის.
სასამართლო განხილვა დღეს დაიწყო და ნიკოლა სარკოზის ბრალად ედება ლიბიის დიქტატორისგან თანხის უკანონოდ მიღება, რომლითაც მან თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანია დააფინანსა.
სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ათწლიანი გამოძიება, რომელიც 2012 წელს ფრანგული გამომცემლობა „მედიაფართის“ ინიცირებულია.
მაშინდელ პუბლიკაციებში წარმოდგენილი იყო დოკუმენტაცია, რომლითაც დგინდება, რომ კადაფი სარკოზის კამპანიის დასაფინანსებლად 50 მილიონი ევროს გამოყოფას დათანხმდა. ეს სარკოზის წინააღმდეგ რიგით მესამე სისხლის სამართლის საქმეა მას შემდეგ, რაც მან ელისეის სასახლე დატოვა 2012 წელს.
2021 წელს სარკოზი დამნაშავედ ცნეს მისი მეორე საპრეზიდენტო კამპანიის დროს თანხების გამიზნულად გადახარჯვაში. აღნიშნულ საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ამჟამად კი ნიკოლა სარკოზი ერთწლიან შინაპატიმრობაში იმყოფება კორუფციის ბრალდებით გამოტანილი კიდევ ერთი განაჩენის გამო, რომელიც უზენაესმა სასამართლომ ცოტა ხნის წინ ძალაში დატოვა.