თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ბიტკოინების მითვისებაში ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ისევ არ ასახელებს იმ ფონდებს, რომლებსაც აფინანსებს.
საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას მან არ დააკონკრეტა სად და რამდენს რიცხავს. მისივე თქმით, ფონდები ეხმარებიან აქციების დროს დაშავებულებს.
„ტელევიზიით და საჯაროდ არ განვაცხადებ, რომელ ფონდებს ვაფინანსებ. გარწმუნებთ, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ის ფონდები და მე სხვანაირი ფონდები არც ვიცი, რომლებიც ეხმარებიან დაზარალებულ ადამიანებს – იმ ადამიანებს, რომლებიც გამოუშვეს სამსახურებიდან. მე ამ ფონდებს არ დავასახელებ, რადგან სახელმწიფოსგან მიმდინარეობს ზეწოლა ყველა მიმართულებით. მე არ მინდა, რომ ჩემი დახმარება გახდეს ვიღაცაზე ზეწოლის მიზეზი“, – განაცხადა ბაჩიაშვილმა.
კითხვაზე, „გუშინ თქვით, რომ აქციებზე დაკავებულებს და დაშავებულებს ეხმარებით, დღეს – სამსახურიდან გათავისუფლებულებსო, კიდევ ხომ არ არის ვინმე, ვისაც ეხმარებით აქციებზე?“, ბაჩიაშვილმა განაცხადა: „გუშინ ვთქვი, პროცესში დაზარალებულები, მათ შორის ნაცემები, ეს ფონდები, რა თქმა უნდა, ეხმარებიან, მათ შორის იმათ, ვინც სამსახურიდან გამოუშვეს“.