კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმას სამი ადამიანი ემსხვერპლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელა.
გავრცელებული ცნობებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა და ათზე მეტი კერძო საცხოვრებელი სახლი. შეტევის შემდეგ სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთს ახლა შეუძლია შეტევა, რადგან მას ჯერ კიდევ აქვს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა.
„მადლობა თითოეულ ლიდერს, ყველა ქვეყანას, რომელიც ახორციელებს ზეწოლას რუსეთზე, რათა დასრულდეს ეს არაპროვოცირებული და ტერორისტული ომი. კერძოდ, თვითმკვლელი აპარატების და რაკეტების საწარმოებლად თითოეული კომპონენტისთვის, რომლებიც მიწოდებულია სანქციების გვერდის ავლით, უნდა არსებობდეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.