ჩინეთი და აშშ წარმოადგენენ გლობალური მნიშვნელობის სახელმწიფოებს. შესაბამისად, საქართველოსთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს როგორც ვაშინგტონთან, ასევე პეკინთან თანამშრომლობა და ურთიერთობების მუდმივი სტიმულირება, – განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოს ყოფილმა ელჩმა ჩინეთში, სინოლოგმა, არჩილ კალანდიამ.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან და სამწუხაროდ, დროებით შეჩერებულია სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-თან. იგი დარწმუნებულია, რომ ეს დროებითია და იგი აღდგება.
„მე არ დავიწყებ იმის ახსნას და იმაზე საუბარს, თუ რა მნიშვნელობას წარმოადგენს საქართველოსთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა და პარალელურ რეჟიმში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთთან გავაღრმაოთ ორმხრივი და მრავალმხრივი კავშირები.
დღეს სამხრეთ კავკასიის რეგიონი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. მოგეხსენებათ, არა მარტო უკრაინაში მიმდინარე ომმა, არამედ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა და ბევრმა სხვა ცხელმა წერტილებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინეს სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რადგან გლობალურმა და რეგიონულმა ომებმა მნიშვნელოვნად შეაფერხეს მიწოდების ჯაჭვები – ვაჭრობა, ლოჯისტიკა, გადაადგილება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, სავაჭრო კუთხით ჩვენი რეგიონი არის ერთ-ერთი უსაფრთხო რეგიონული და გლობალური თვალსაზრისით. ამიტომ, მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ჩინეთთან და რა თქმა უნდა, ევროკავშირთან გავაღრმაოთ ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური კონტაქტები“, – აღნიშნა არჩილ კალანდიამ.