პრემიერის ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გრძელდება. ირაკლი კობახიძე დღეს ქვეყნის პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანს შეხვდება.
ამასთან, დაგეგმილია შეხვედრა აბუ-დაბის სახელმწიფო საინვესტიციო კომპანიასთან და მის ლოგისტიკურ მიმართულებასთან, აბუ-დაბი პორტის ჯგუფთან, რომელიც აქტიურად არის ჩართული შუა დერეფნის განვითარებაში.
კომპანია ახორციელებს თბილისის მშრალი პორტის პროექტს, რომელიც 2025 წელს დასრულდება. იგეგმება კომპანიასთან თანამშრომლობის შემდგომი გაფართოება სტრატეგიულ, ლოგისტიკურ და სატრანსპორტო პროექტებში. ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერება თანამშრომლობის მემორანდუმს ერთ-ერთ უმსხვილეს დეველოპერულ კომპანია EMAAR-თან, რომლის ფარგლებში საქართველოში, მრავალმილიარდიანი ინვესტიცია განხორციელდება.
პრემიერ-მინისტრი აბუ დაბიში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.