ხალხი დღესაც ელოდება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ კომისიას აქვს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები, – განაცხადა ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გადაცემაში „იმედი LIVE„ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შესახებ, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ქმედებები უნდა გამოიძიოს.
„ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება საგამოძიებო კომისიის შექმნას, ამავდროულად ჩვენ გვესმის ხოლმე, თუ გამოძიება უნდოდათ, ამ 12 წლის განმავლობაში რას აკეთებდნენო. სხვათა შორის, ჩვენი ევროპელი პარტნიორების და მეგობრების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო კოჰაბიტაცია. მაშინ, როდესაც მთელი საქართველო ითხოვდა დამნაშავეების დასჯას და რეჟიმის გასამართლებას, სწორედ მათი ჩართულობით მოხდა ის, რომ რაღაცნაირად შერიგებულიყვნენ მხარეები და შურისძიება არ მომხდარიყო. მაგრამ ნახეთ რა ხდება – ტრამპმა ახლა მოაწერა ხელი და ამდენი წლის შემდგომ უნდა გასაჯაროვდეს კენედის მკვლელობის სხვადასხვა საკითხი და ფაილი. ძალიან მარტივი პარალელის გავლება შეგვიძლია.
ხალხი დღესაც ელოდება ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას და ამ კომისიას აქვს საკმაოდ სერიოზული ბერკეტები. იქ კითხვები დაისმება ღიად და ამას ყველა დაინტერესებული ადამიანი მოისმენს. გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ძალიან ბევრი ადამიანისთვის ახლად გამოვლენილი გარემოება თუნდაც, ქონებების ჩამორთმევასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
ადვოკატმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ბიზნესის ჩამორთმევის კონკრეტულ ფაქტზე.
„სულ ახლახან მე დამიკავშირდა ადამიანთა ჯგუფი – ალბათ, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვს, რიყის ტერიტორიაზე რამდენიმე რესტორანი იყო. ერთ მშვენიერ დღეს დაიბარეს ამ რესტორნების მეპატრონეები და უთხრეს, რომ 24 საათში უნდა მიემართათ ეკონომიკის სამინისტროსთვის, უნდა მისულიყვნენ საჯარო რეესტრში, დაეწერათ განცხადებები და ეჩუქებინათ ეს რესტორნები სახელმწიფოსთვის. ბუნებრივია, არც ერთ მათგანს ეს არ უნდოდა, მაგრამ დაემუქრნენ შემდგომ დაჭერით. სხვათა შორის, ისინი დღემდე ელოდებიან დავობენ ამაზე და ჯერ კიდევ 2012 წლამდე დავობდნენ. იცით, რა გააკეთეს? – მიიყვანეს, გადააფორმებინეს, თეფშის გამოტანის უფლებაც კი არ მისცეს, ბულდოზერები მიაყენეს ამ რესტორნებს და ისე დაუნგრიეს. ეს ადამიანები დღემდე ელოდებიან სამართალს.
ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება სამართალს. აფრასიძეების ოჯახის დღემდე ელოდება მაგალითად, კომპენსაციას, იმ ადამიანების დასჯას, რომლებმაც მათ ოჯახში ის სასაკლაო მოაწყვეს”, – განაცხადა ირმა ჭკადუამ.
საქართველოს პარლამენტში შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.