ტრანსგენდერმა ქალმა, რომელიც ფედერალურ ციხეში იხდის სასჯელს, სარჩელი შეიტანა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელი ბრძანების წინააღმდეგ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
ბრძანება ავალდებულებს აშშ-ის მთავრობას, აღიაროს მხოლოდ ორი სქესი და მოითხოვს მსგავსი პატიმრების მამაკაცთა ციხეებში მოთავსებას, რაც, მისი აზრით, არღვევს აშშ-ის კონსტიტუციასა და ფედერალურ კანონმდებლობას.
სარჩელი, რომელიც დღეს ბოსტონის ფედერალურ სასამართლოში შეიტანეს, წარმოადგინეს უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა, მათ შორის, LGBTQ Legal Advocates & Defenders-მა.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს სარჩელი პირველია, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს აღნიშნულ ბრძანებას. სარჩელის თანახმად, ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება სქესის ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს.
პატიმარი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ ბრძანების ხელმოწერის მეორე დღეს ფედერალური ციხეების ბიუროს წარმომადგენლებმა აცნობეს, რომ ქალთა ციხიდან მამაკაცთა დაწესებულებაში გადაჰყავდათ.
პატიმრის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ მამაკაცთა დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში ის აღმოჩნდება „შევიწროების, ძალადობისა და სექსუალური ძალადობის უკიდურესად მაღალი რისკის“ წინაშე.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, დღეს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების ჯარში მსახურებას.
გარდა ამისა, აღმასრულებელი ბრძანება მოიცავს სამხედროების მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის პროგრამების შეჩერებას და იმ სამხედროების სამსახურში აღდგენას, რომლებიც კოვიდვაქცინაციაზე უარის თქმის გამო გაათავისუფლეს.