„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ეს ნარატივი აბსოლუტურად გასაგებია, იმიტომ, რომ კარგად ხვდებიან პოლიტიკურ აღსასრულს და აქედან გამომდინარე, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ, ფსკერს ფსკერზე იპყრობენ ყოველ დღე და ამტკიცებენ, რომ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებენ, – განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ოპოზიციის წერილზე, რომელშიც საუბარია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების არცნობის შესახებ და რომლის ადრესატიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და საპარლამენტო ფრაქციებია.
„სხვათა შორის, ეს ჩვენ გამოგვადგება საგამოძიებო კომისიაში მტკიცებულებად, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს. ამ შემთხვევაში ევროსაბჭოში და ევროკავშირში რომ აგზავნიან წერილებს და მოთხოვნებს იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი ქვეყნის დელეგაციას შეუჩერდეს უფლებამოსილება. ეს არ არის პოლიტიკური წინააღმდეგობა, ეს არის ჩვეულებრივი მტრობა საკუთარი ქვეყნის“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მონიტორინგის კომიტეტი დღეს საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელებს. ამ თემაზე დებატები კი ხვალ გაიმართება და კენჭისყრაც ოთხშაბათს სიტყვით გამოსვლების შემდეგ შედგება.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს სამმა ოპოზიციურმა პარტიამ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველო“ მიმართა წერილით, რომ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება არ დადასტურდეს.