ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა, რომ დასაჯონ ქართველი ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე, – ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.
„ამ გადაწყვეტილებასა ვუყურებ როგორ პოლიტიკური შურისძიების მცდელობას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც არ დაჰყვა ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელისუფლებების მცდელობას, ჩარეულიყო საქართველოს არჩევნებში. პირდაპირ მიტინგებზე გამოდიოდნენ, საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართული, ოპოზიციას აფინანსებდნენ.
ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა, რომ დასაჯონ ქართველი ხალხის ხელისუფლება იმის გამო, რომ ქართველი ხალხი არ დადის სხვის ჭკუაზე.
დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის საკითხი მოწესრიგებულია საერთაშორისო შეთანხმებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელიც 2010 წელს არის დადებული. იქ გაწერილია პროცედურები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება რომელიმე მხარემ, ამ შემთხვევაში ევროკავშირმა შეაჩეროს ესა თუ ის მოქმედება. თუ შეხედავთ, აქ არის სამი შემთხვევა, ერთი არის ჯანდაცვის საკითხები, უსაფრთხოების საკითხები ევროკავშირში და მესამე, ბოროტად გამოყენება ამ პროცედურებისა. არცერთ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს როდესაც საუბრობენ რაღაც კანონებზე, ამიტომ ცოტა საეჭვოა სამართლებრივი არგუმენტაცია, თუ რას დააფუძნეს ეს გადაწყვეტილება და ამიტომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამით დაინტერესდება, თუ რა სამართლებრივი საფუძვლებზე იყო ეს დამყარებული“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა. ევროკავშირის წარმომადგენლობის განმარტებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონები უდევს.