საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ფაქტებზე, საგამოძიებო კომისიის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობილი შეფასება იმ დანაშაულებრივი საქმიანობის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში ატარებდა, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ქვეყნის შიგნით, საერთაშორისო ასპარეზზეც, იყოს ფაქტებზე, საგამოძიებო კომისიის მიერ მოძიებულ მასალებზე დაყრდნობილი შეფასება იმ დანაშაულებრივი საქმიანობის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მმართველობის პერიოდში ატარებდა. ეს უკავშირდებოდა არჩევნებს, მედიის სრულ დამორჩილებას და მონოპოლიზაციას აბსოლუტურად უკანონო ხერხებით. ეს უკავშირდებოდა ბიზნესის სრულ დამორჩილებას და რეკეტს, ადამიანების სიცოცხლის შელახვას, უფლებებს, საქართველოსათვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე გეოპოლიტიკურ მოვლენას, რასაც ჰქვია ქვეყნის 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიყვანა და საქართველოს ტერიტორიების დროებით დაკარგვა“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
მომავალ კვირას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნება, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ჩადენილ დანაშაულებს გამოიძიებს. მკვლელობებს, წამებას, საპატიმროებში არსებულ ვითარებას, ბიზნესის რეკეტს და ომის დანაშაულს. კომისიამ დასკვნა 6 თვეში უნდა წარადგინოს. შედეგი კი უნდა იყოს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობა.