ვცდილობთ, მაქსიმალურად სამართლიანი პირობები შემოვიტანოთ ადმინისტრაციულ კოდექსში, მათ შორის, რაც ეხება გზების პიკეტირებას, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, იყო თუ არა ამის აუცილებლობა, აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა გზის გადაკეტვის შემთხვევებს.
„შესაბამისად, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად სამართლიანი პირობები შემოვიტანოთ ადმინისტრაციულ კოდექსში, მათ შორის, რაც ეხება გზების პიკეტირებას და არა პიკეტირებას. იგი შესაბამისობაში იქნება კანონმდებლობასთან, თუ არ იქნება, ყველას შეუძლია გაასაჩივროს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისობაში და ამაზე აქცენტირება გვექნება“, – აღნიშნა ზარქუამ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაჩქარებული წესით განსახილველი კანონპროექტები მეორე მოსმენით, დაჩქარებული წესით, განიხილა და მხარი დაუჭირა. სხვა პროექტებთან ერთად, სხდომაზე განიხილეს ცხრა კანონპროექტისგან შემდგარი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს.