სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე, ვინმეს თუ უნდა გამოხატოს სინანული, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში.
„რაც შეეხება მზია ამაღლობელის კოლეგებთან შეხვედრას, მე ველოდი, რომ გარკვეული სინანული დაედებოდა ფონად იმ ინიციატივას, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კონკრეტული ადამიანების მხრიდან, თუმცა არავითარი სინანული, მათ უნდათ სამართლებრივი საკითხების გარჩევა, აპირებდნენ ადვოკატთან ერთად მოსვლას. სამართლებრივი საკითხები ჩემთან ვერ გაირჩევა, მე არ ვარ არც პროკურორი, არც მოსამართლე. სამართლებრივი საკითხები უნდა გაირჩეს პროკურატურაში და სასამართლოში, ეს არის შესაბამისი უწყებები. თუ ვინმეს უნდა გამოხატოს სინანული, იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი, ეს იქნებოდა სახელმწიფოს მიმართ პატივისცემის გამოხატულება და მის შემდეგ შეიძლება, დავიწყოთ საუბარი ნებისმიერ თემაზე, მათ შორის შეხვედრებთან დაკავშირებით და ა.შ. მაგრამ როდესაც ხედავ, რომ არათუ სინანულს არ გამოხატავენ კონკრეტული სამართალდარღვევის გამო, არამედ ცდილობენ, ასეთი სამართალდარღვევების წახალისებას, ეს არის უკიდურესად მიუღებელი და ამის მიმართ ჩვენ ვერ ვიქნებით ლოიალური. კიდევ ერთხელ სინანული არის მთავარი, რაც ახლა არის გამოსახატი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.