დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” 26%-იან წილს არხის გენერალურ დირექტორსა და 12.25%-იანი წილის მფლობელს, ზურაბ გუმბარიძეს სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიყიდა. ინფორმაციას “მედიაჩეკერი” ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება 6 თებერვალს გაფორმდა.
“წილის მიმღები წილის გამსხვისებლის საკუთრებაში არსებული წილის ყიდვის/საკუთრებაში მიღების სანაცვლოდ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით წილის გამსხვისებლისთვის გადახდილი აქვს სიმბოლური თანხა 1.00 (ერთი) ლარის ოდენობით”.
ტელეკომპანია “ფორმულას” მონაცემებში ცვლილების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ზურაბ გუმბარიძემ 7 თებერვალს მიმართა. თუმცა, რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა მოითხოვა.
“მედიაჩეკერის” ინფორმაციითვე, ამ ცვლილების რეგისტრაციის შემდეგ, ტელეკომპანია “ფორმულას” წილები ასე გადანაწილდება:
მიხეილ მშვილდაძე – 12.25%
ირაკლი საღინაძე – 12.25%
ზურაბ გუმბარიძე – 38.25%
გიორგი ლიფონავა – 12.25%
“თავისუფლების ფორმულა” – 25%
ტელეკომპანია “ფორმულა” საჯარო რეესტრში 2019 წლის 22 ივლისს დარეგისტრირდა.