არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად, თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება, – განუცხადეს „ქრონიკას“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
საუბარია თამარ ბელქანიას „ფეისბუქ“-პოსტზე, სადაც ის აცხადებს, რომ წალენჯიხის მოსახლეობის თხოვნას, რომ მუნიციპალიტეტს გადაეცეს რეანომობილი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი არ აკმაყოფილებს.
„საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში, მოსახლეობისთვის უზრუნველყოფს სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევას, კლინიკებს შორის ტანსპორტირებას და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალიზაციას ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით შესაბამისი პროფილის კლინიკაში; საზოგადოების უკეთ ინფორმირებისთვის მოგახსენებთ, რომ 2024 წლის სტატისტიკური მონაცემებით, წალენჯიხის კლინიკიდან რეანიმობილით მხოლოდ 25 პაციენტის გადმოყვანა განხორციელდა. გასათვალისწინებელია, რომ მათგან გადაუდებელი შემთხვევა არცერთი არ ყოფილა და კლინიკაში განთავსების შემდეგ, დამატებითი სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით, მოხდა მათი სხვა კლინიკაში გადაყვანა. რაც შეეხება უშუალოდ გადაუდებელ შემთხვევებს, აღნიშნულის უზრუნველყოფას ახდენს სასწრაფო დახმარების ბრიგადები, რაც სავსებით საკმარისად არის ადგილზე მობილიზებული.
ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ თვეში საშუალოდ 47 ჰოსპიტალიზაცია მოხდა მეზობელ რაიონში, კერძოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არსებულ კლინიკებში. თვიურად ჰოსპიტალიზაციათა რიცხვი მუნიციპალიტეტში საშუალოდ 100-ს შეადგენს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს ემსახურება 2 ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, რომელიც წალენჯიხის რაიონულ სამსახურს საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას შუამდგომლობითა და ჩართულობით გადაეცა და ის ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესებში კვლავაც აქტიურად არის ჩართული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული სასწრაფო დახმარების ბრიგადების მიერ ოპერატიულად ხორციელდება მეზობელი მუნიციპალიტეტის კლინიკაში პაციენტთა ჰოსპიტალიზაცია. წალენჯიხის კლინიკიდან გამოძახების შემთხვევაში, ზუგდიდში განთავსებული ცენტრის რეანიმობილი ადგილზე ცხადდება ოპერატიულად და ახორციელებს პაციენტების გადაყვანას სხვა შესაბამისი სერვისების მქონე კლინიკაში. ცენტრი ახორციელებს პერიოდულ ანალიზს და სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნას გამოთქვამს განათავსოს რეანიმობილი შესაბამის ლოკაციაზე.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ არსებული ბრიგადების რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოპერატიულ მიწოდებას, არცერთი პაციენტი არ რჩება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე, შესაბამისად თამარ ბელქანიას მიერ გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს და სიმართლეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში.
ცნობისთვის, თამარ ბელქანიამ სოციალურ ქსელში დაწერა:
„წალენჯიხის მოსახლეობის თხოვნა, რომ მას გადაეცეს რეანომობილი სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელმა ბატონმა ჩიქოვანმა დაგვიუარა. მიზეზი კი გახლავთ მოთხოვნის მიზანშეუწონლობა. რა გაეწყობა. არც პეტიციამ გაჭრა და არც სამწლიანმა მოთხოვნებმა წერილობითი სახით. ეცადეთ ჯანმრთელად იყოთ და რეანომობილი არ დაგჭირდეთ. შევცვლით, და რეანომობილი წალენჯიხას ექნება“.