აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ ევროპამ თავდაცვაში ინვესტიცია უნდა ჩადოს, რადგან აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა კონტინენტზე სამუდამოდ არ გაგრძელდება. ამის შესახებ პიტ ჰეგსეტმა ვარშავაში ვიზიტისას განაცხადა.
„ჩემი გადმოსახედიდან, ამერიკელი სამხედროების რაოდენობა კონტინენტზე მნიშვნელოვანია. ის, თუ რა მოხდება ხუთი, ათი ან თხუთმეტი წლის შემდეგ, არის უფრო ფართო დისკუსიის ნაწილი, რაც ასახავს საფრთხის დონეზე ამერიკის პოზიციას, ჩვენს საჭიროებებს მსოფლიოში, თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ევროპული ქვეყნების შესაძლებლობებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გზავნილი ევროპელი მოკავშირეებისადმი არის ასეთი ცხადი: ახლა ინვესტიციის დროა, რადგან არ შეიძლება, იმის ვარაუდი, რომ ამერიკის ყოფნა გაგრძელდება სამუდამოდ“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ამერიკელმა მაღალჩინოსანმა ასევე აღნიშნა, რომ პოლონეთი ვაშინგტონისთვის სამაგალითო პარტნიორია თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით მისი ვალდებულებების გამო.
თავდაცვის მდივანმა ასევე ისაუბრა „რამშტაინის“ შეხვედრაზე თავის განცხადებასთან დაკავშირებით, როდესაც უკრაინის საზღვრების 2014 წლამდელ მდგომარეობაში აღდგენას არარეალისტური უწოდა.
„დღეს და ბრიუსელში ჩემი საქმეა დისკუსიაში შევიტანო რეალიზმი. რეალობაა ის, რომ მოლაპარაკებების შედეგად 2014 წლის საზღვრებზე დაბრუნება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ უკრაინაში ამერიკელი სამხედროების განთავსება ნაკლებად სავარაუდოა. რეალობაა, რომ მოლაპარაკებების გზით პროცესის დარეგულირების შედეგად უკრაინის ნატო-ს წევრობა ნაკლებად სავარაუდოა. მე ვრჩები იმ კომენტარებზე, რომლებიც გავაკეთე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის პირველ დღეს“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.