3 თებერვალს, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კრემლის მხარდამჭერი ცნობილი აქტივისტი მოსკოვში გამართული საჯარო დისკუსიის დროს ლატვიის ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების გამო დააკავა. „ლატვიის ტელევიზიის“ ხელთ არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დაკავებული პიროვნება ალექსანდრე გაპონენკოა.
„ლატვიის ტელევიზიის“ ცნობით, კონფერენცია სახელწოდებით „რუსული ეთნოციდი ბალტიისპირეთის ქვეყნებში“ კრემლის მხარდამჭერი რუსული ორგანიზაციის – „დსთ-ს ქვეყნების ინსტიტუტის“ – ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ლატვიიდან გაქცეული კრემლის რამდენიმე პროპაგანდისტი, რომელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ლატვიაში „რუსეთის ომისა და სისხლის სამართლის სხვა დანაშაულების გამართლებისა და განდიდების“ მუხლით აღიძრა.
კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ ყოფილი ევროპარლამენტარი, ანდრეი მამიკინი, რიგის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, რუსლან პანკრატოვი, ე.წ. „ანტიფაშისტების“ წარმომადგენელი, რომან სამული და სხვები. მათ გამოსვლებს შოვინისტური და ღიად მტრული განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია.
ალექსანდრე გაპონენკომ კონფერენციის მონაწილეებს ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა. ირიბი და ყალბი მტკიცებულებების მოშველიებით, მან აღნიშნა, რომ ლატვიაში რუსების წინააღმდეგ ტარდება ეთნოციდი, ქვეყანაში აკრძალულია რუსულ ენაზე საუბარი და ამ ენაზე განათლების მიღება, ასევე აკრძალულია მართლმადიდებლური ეკლესია. გაპონენკო გამოვიდა მოწოდებით, რომ ლატვიაში რუსების დაცვის მიზნით, მომზადდეს ნიადაგი რუსული „ჰუმანიტარული ინტერვენციისთვის“.
კონფერენციაზე გაპონენკოს მიერ გამოთქმული განცხადებების შეფასების შემდეგ, ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ის ეჭვმიტანილად ცნო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში და მის წინააღმდეგ აღძრა საქმე ლატვიის სისხლის სამართლის კანონის 81.1-ე და 78-ე მუხლით, რაც ლატვიის რესპუბლიკის წინააღმდეგ რუსეთის დახმარებას გულისხმობს.
13 თებერვალს, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მოსკოვში გამართული დისკუსიის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რომელიც დიდი ხანია ცნობილია, როგორც კრემლის მხარდამჭერი აქტივისტი.