სახელად უკრაინის პრობლემა ჰქვია შეკრებას, მაგრამ ევროპის პრობლემაა რეალურად და საინტერესოა მაკრონის ზარიც ტრამპთან, რომლის შინაარსიც არავინ ვიცით, – განაცხადა პოლიტოლოგმა, ფსიქოლოგმა რამაზ საყვარელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მე მაინც ფსიქოლოგი ვარ და მაინტერესებს, ადამიანებს რა უნდათ. უცებ ტრამპს რომ მოუნდა მშვიდობის დამყარება, რაღაც არ მეჩვენება ეს საკმარის მიზეზად. იმიტომ, რომ მშვიდობა ვიღაცას უნდა დასჭირდეს და რაღაცაში უნდა დასჭირდეს; როგორც ომი ვიღაცას უნდა დასჭირდეს და დაიწყებს, მშვიდობა ვიღაცას უნდა დასჭირდეს და დაამყარებს. რაში სჭირდება ტრამპს მშვიდობა? ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ვვარაუდობ, რომ მშვიდობის დამყარება გარკვეულ კავშირშია იმასთან, რა იყო და ახლაც არის ეს ომი. ამ ომმა მოაღონიერა, ერთი მხრივ, ევროპა, პოლიტიკური ფუნქცია შესძინა და ეკონომიკურადაც ალბათ ინტერესები იყო, მეორე მხრივ კი, დემოკრატიული პარტია ამერიკაში და, ზოგადად, ლიბერალები, რომელთა კონცენტრაცია ახლა სწორედ ევროპაშია, ტრამპისთვის არიან მეტოქეები. ასე რომ, მე მეჩვენება, რომ ტრამპის ერთ-ერთი მიზანი არის, ლიბერალებს ამ ომის საყრდენი, წყარო გადაუკეტოს და ლიბერალები დაასუსტოს. ლიბერალების დასუსტებას თუ მიაღწია, მერე იქ ომი იქნება თუ არ იქნება და რამდენი ადამიანის მსხვერპლი იქნება, ეგ შეიძლება, რიტორიკულად იყოს სათქმელი, მაგრამ რეალური მოტივი მეეჭვება, იყოს“, – განაცხადა საყვარელიძემ.
როგორც საყვარელიძემ აღნიშნა, ტრამპმა ამევე დროს შეუნიღბავად თქვა, რომ მას მინერალები აინტერესებს.
„ამ მინერალების დიდი ნაწილი უკვე რუსების ხელშია. ასე რომ, ტრამპს შეუძლია, თავისი ინტერესი დაიკმაყოფილოს რუსეთისგანაც, გარდა ზელენსკისთან დიალოგისა’ რადგან ლიბერალიზმის ბუდე დღეს ევროპაა, ტრამპი დაინტერესებულია ლიბერალური ევროპის დასუსტებაში, თუმცა კონსერვატორული ევროპა, პირიქით, მისი პარტნიორია. აი, ეს ლიბერალური ევროპა როგორ შეიძლება დაასუსტოს? მე მგონი, ამის სცენა გათამაშდა მიუნხენში, როცა ტრამპმა ამ ქვეყნებს აგრძნობინა – და ეს ნათქვამიც აქვს – რომ ამერიკის ინტერესში ევროპაზე და უკრაინის ომზე ფულის დახარჯვა აღარ არის. ამიტომ ის სულ ამბობს, აწიეთ თქვენი წილი ამ ომის დაფინანსებაში. ტრამპი ბიზნესმენია და ფულის საკითხი აწუხებს. თუ მან მიაღწია იმას, რომ შეწყვიტა ევროპისა და უკრაინის დაფინანსება რამე მიზეზით და ხარჯი აღარ ექნა, მე მგონი, კმაყოფილი იქნება. მას არ უნდა ფულის ხარჯვა იმაში, რაც მიაჩნია, რომ მისი ინტერესი არ არის. იმიტომ, რომ რუსეთი ამერიკამდე ვერ მიაღწევს და რატომ უნდა დახარჯოს ფული იმ მტერში, რომელიც მისთვის მტრობას ვერ მოახერხებს?“ – განაცხადა საყვარელიძემ.
მისი თქმით, ტრამპს შემოაქვს მეორე მსოფლიო ომის კონცეფციის ალტერნატიული კონცეფცია – ამერიკის ინტერესი.
„აქამდე იყო ზოგადად დემოკრატიული ქვეყნების ინტერესი. ახლა ეს ტრამპმა გაყო, ამერიკის ინტერესი და ევროპის ინტერესი ერთმანეთისგან განაცალკევა. ის, რომ ტრამპმა, შეიძლება, ევროპას თავისი ზურგი გამოაცალოს, რეალურია. ამიტომ იყო მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარემ რომ იტირა, ეს რომ თქვა, შეიძლება, ევროპა და ამერიკა ცალ-ცალკე წავიდნენო და ცრემლი წამოუვიდა. სწორია, რადგან ევროპისთვის ეს ძალიან დიდი გამოცდაა და არავინ იცის, საით წავა. დღევანდელი შეხვედრა იმიტომაც არის საინტერესო, რომ ის იდეაც იყო წინასწარ ნათქვამი, შეიძლება, ჩინეთისკენ წავიდეთო და სანახავად ძალიან საინტერესო იქნება ჩინეთთან ევროპის ალიანსი. ასე რომ, როგორ განვითარდება მოვლენები, ძნელი სათქმელია, მაგრამ ერთი რამ მეჩვენება ცხადად, ტრამპი ეცდება, რაც შეიძლება სწრაფად გამოეცალოს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე პროცესებს, ომის ჩათვლით. ტრამპი კი, ვხედავთ, რომ ძალიან ოპერატიულად მოქმედებს. ომის ჩაქრობაც ამიტომ უნდა, რომ ომმა მის კისერზე არ გადაიაროს, მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ მის კისერზე მაინც გრძელდება ომი, მაშინ, უბრალოდ, გამოვა ამ ომიდან და დაფინანსებას შეწყვეტს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.