რაც შეეხება ჟურნალისტურ სტანდარტს, დღეს არსებული სტანდარტი რაც არის, არაფერი ამაში დიდად არ იცვლება, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მედიის შესახებ კანონზე საუბრისას.
მისივე თქმით, დღეს არსებული სტანდარტია, რომელიც არ მუშაობს და რა აზრი აქვს იმ სტანდარტს, რომელიც არ მუშაობს, რომლის ეფექტიანი აღსრულების მექანიზმი არ არსებობს.
„ამიტომ, ჩვენ ზუსტად ბრიტანული სტანდარტიდან გამომდინარე ამის ეფექტიანი აღსრულების საშუალებას შევქმნით, ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებებს, ჩვენ ვნახეთ, ბოლო 1 თვეზე მეტია ვაკვირდებით აღიარებას აღიარებაზე, რომელიც ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციიდან გვესმის. თავად ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია აღიარებს, რომ ასეულობით მილიონი იხარჯებოდა მსოფლიოში მედია ქსელის შესაქმნელად, სადაც ჩართული იყვნენ, მათივე აღიარებით, ასეულობით მედია, ასეულობით მედიაენჯეო, ათასობით ჟურნალისტი, რომელიც პირდაპირ ხელფასზე ისხდნენ ამერიკის ბიუჯეტიდან წამოსული თანხებით. თავადვე აღიარებენ, რომ ამით შექმნილი იყო პროპაგანდისტული ქსელი, მედია ქსელი, რომლის მიზანი იყო იმ ნარატივების ხელშეწყობა, რომელიც სურდა წინა ადმინისტრაციას თუ დამფინანსებელს და პირიქით, მისი საწინააღმდეგო ნარატივების ჩაჩუმება.
რაც შეეხება წამოსულ დაფინანსებებს ევროკავშირიდან თუ ევროკავშირის წევრი სხვადასხვა ქვეყნიდან, აქაც საკითხი მარტივად არის. იმ პირობებში, როდესაც დღეს უკვე ცხადია, რომ ამერიკული ფული იხარჯებოდა ზოგ კარგ საქმესთან ერთად, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში დესტაბილიზაციაზე, პროპაგანდაში და ა.შ. რაც აღიარებულია თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელ განკარგულებაში, ან პირობებში, მეორე ნაწილი, სადაც იყო დაფინანსება სხვადასხვა ქვეყნიდან, როგორ გამოდის, რომ მაგალითად „ისფედი“, რომელიც ფინანსდებოდა ამერიკული წყაროთი და ფინანსდება ევროკავშირიდან, რა გამოდიოდა, რომ ისინი როდესაც პარალელური დათვლის შედეგებს გვიმალავდნენ და ტყუილ შედეგებს გვეუბნებოდნენ 2020-ში, 2024-ში კი საერთოდ არ [გამოაქვეყნეს], ამერიკული დაფინანსებით გვატყუებდნენ და ევროპული დაფინანსებით კაი საქმეს აკეთებდნენ? იგივე ეხება მედიებს.
სამწუხაროდ, იმ პირობებს რომ გაუმჭვირვალეა ეს დაფინანსებები, ჩვენ სრული სურათი არ ვიცით, თუმცა, იქ სადაც ვიცით და საჯარო წყაროებიდან შეიძლება ეს ცნობილი იყოს, ჩვენ ვხედავთ, რომ მედია ორგანიზაციებშიც, როგორც წესი, ეს არის კომბინირებული დაფინანსება. იქ არის ამერიკული წყაროდანაც, ევროკავშირიდან, ევროკავშირის ზოგიერთი წევრიდანაც ცალ-ცალკე წამოსული, კომბინირებული თანხა და როგორ გამოდის ახლა, ამერიკული ფულით პროპაგანდას ეწეოდნენ და ევროპული ფულით კეთილსინდისიერად მუშაობდნენ? ასე ხომ არ შეიძლება. ამიტომ, თავად ამერიკის შეერთებული შტატების აღიარებამ გვაჩვენა ჩვენ, რომ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოება დავიცვათ უცხო პროპაგანდისტული ქსელებისგან“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.