ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არის გამოწვევები და სწორედ ამიტომ არსებობს საერთაშორისო ფორმატები, რომ მათთან გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა, რისი მზაობაც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან , – განაცხადა „ქრონიკასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟენევაში ოფიციალური ვიზიტისას.
მისივე თქმით, საქართველოს ადამიანის უფლებების მიმართულებით აქვს საკმაო წინსვლა და ის ლიდერია ამ კუთხით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით.
„ადამიანის უფლებათა საბჭო არის მნიშვნელოვანი ფორმატი საქართველოსთვის, სადაც ჩვენთვის საინტერესო საკითხებზე ვაკეთებთ აქცენტს. ჩვენ გვქონდა შეხვედრა როგორც უმაღლეს კომისართან, ასევე საბჭოს პრეზიდენტთან და ვისაუბრეთ საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, იმ ნაბიჯებზე, წინსვლაზე, რაც საქართველოს აქვს სხვადასხვა მიმართულებით, როდესაც ვსაუბრობთ ადამიანის უფლებებზე. რა თქმა უნდა, არის სრული გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პროგრესი ბევრი მიმართულებით, საქართველო გამოიყურება ბევრად წინ რეგიონის ქვეყნებთან შედარებით, როდესაც ადამიანის უფლებების დაცვაზე ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა არის გამოწვევები და გამოწვევებისთვის არსებობს სწორედ საერთაშორისო ფორმატები, რომ მათთან გვქონდეს მჭიდრო თანამშრომლობა და პარტნიორობა. ამის მზაობაც, რა თქმა უნდა, არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით შეხვედრებზე საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებსაც.
„საუბარი შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებს და იქ არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას. ასევე, საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, Რაც კი საერთაშორისო ფორმატებში არსებობს იმისათვის, რომ ამ საკითხებზე მუდმივად ხდებოდეს ყურადღების გამახვილება და ძიება ქმედითი მექანიზმების, რომ იყოს სათანადო საერთაშორისო პასუხი გაცემული სწორედ ამ გამოწვევებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ აგერ უკვე ბევრი ათწლეულია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.